მედიტაცია, რომელიც ხშირად მოხსენიებულია, როგორც საკუთარი თავის შეცნობის საშუალება, ასევე არის გზა გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობისკენ. ათასობით წლის განმავლობაში, მედიტაციას ინდუისტურ, ბუდისტურ, ზენ/ჩანსა და ტაოისტურ საზოგადოებებში მიმართავდნენ. დღეს, ადამიანები მედიტირებენ, რათა ძალიან გადატვირთულ თანამედროვე სამყაროში სტრესსა და მღელვარებას გაუმკლავდნენ. მედიტაციას შეუძლია დაეხმაროს სიმშვიდის მოპოვებასა და კონცენტრაციაში დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც შფოთვის ეპიზოდები ხშირად აწუხებთ.
მედიტაცია გულისხმობს ტექნიკების ერთობლიობას იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ყურადღება, ემოციური ცნობიერება, სიკეთე, თანაგრძნობა და მენტალური სიმშვიდე, თუნდაც რთულ და სტრესულ სიტუაციებში. ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ რეგულარული მედიტაცია მათ საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ კეთილგანწყობაში ეხმარებათ.
გარდა იმისა, რომ მედიტაციისთვის შესაბამისი ტექნიკები უნდა ვისწავლოთ, სასურველია, პროცესში ისეთი გარემოც შევიქმნათ, რომელიც მაქსიმალური სიმშვიდესა და კომფორტს შეგვიქმნის. ამისათვის, რამდენიმე მარტივი რამ დაგვჭირდება:
თავისუფალი ტანსაცმელი, რათა კონცენტრირება შევძლოთ მედიტაციის პროცესზე.
იოგას ხალიჩა, რომელიც კომფორტულად მოთავსებაში დაგვეხმარება.
დინამიკი, თუ კარგი ჟღერადობა და მშვიდი მელოდია კონცენტრაციის მოკრებაში გეხმარებათ.
ჰაერის დამატენიანებელი, თუ მაქსიმალური კომფორტის შექმნა გვსურს და დამატენიანებლის წყალში სპეციალური ეთერზეთების შერევით მეტი სიმშვიდის მოპოვება.
ახლა კი, უშუალოდ იმ სარგებელზე ვისაუბროთ, რომლის მოტანაც მედიტაციას ჩვენი ჯანმრთელობისთვის შეუძლია:
სტრესის შემცირება
ცნობიერების სრულყოფაზე დაფუძნებული ინტერვენციები, მაგალითად, მედიტაცია, მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. Clinical Psychology Review-ს კვლევის მიხედვით, მედიტაცია განსაკუთრებით სასარგებლოა სტრესის შესამცირებლად. ცხოვრებაში, როდესაც რთული ან სტრესული მომენტის წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენი სხეული გამოყოფს კორტიზოლს, სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია სტრესის დარეგულირებაზე. ქრონიკულ სტრესს შეუძლია კორტიზოლის გამოყოფის დონე საგრძნობლად გაზარდოს, რასაც ჩვენი ჯანმრთელობისათვის უარყოფით შედეგამდე მივყავართ, მათ შორის, გულსისხლძარღვთა და იმუნური სისტემების კუთხით ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებებამდე. მედიტაცია, რომელიც გონების დამშვიდებასა და ემოციების რეგულირებაზეა ფოკუსირებული, ორგანიზმს ქრონიკული სტრესის შემცირებასა და დაძლევაში ეხმარება, რაც თავის მხრივ, სტრესით გამოწვეული არასასურველი რისკების შემცირებასა და აღმოფხვრასაც გულისხმობს.
არტერიული წნევის შემცირება
ჰიპერტენზია, ასევე ცნობილი, როგორც მაღალი არტერიული წნევა, მიჩნეულია, რომ უარყოფითად მოქმედებს მილიარდ ადამიანზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ჰიპერტენზია ამერიკის მოსახლეობის ნახევარს აწუხებს. კვლევები გვიჩვენებს, რომ პოტენციურად, მედიტაცია ძალიან პერსპექტიულ შედეგებს იძლევა მაღალი არტერიული წნევის შემცირების კუთხით, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ადამიანი მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესსა და ჩვევებს, ისეთს, როგორიცაა დაბალანსებული კვება და ვარჯიში.
იმუნური სისტემის გაძლიერება
მედიტაცია, ასევე, ეფექტური ქცევითი მკურნალობაა იმუნური სისტემის შემასუსტებელი სხვადასხვა მიზეზისთვის. დადასტურებულია, რომ თანმიმდევრული მედიტაცია ამცირებს სხეულის სტრესის რეაქციას, რაც ორგანიზმში ნაკლებ ანთებით პროცესს იწვევს და შესაბამისად, მცირდება ისეთი პირობების რისკი, როგორიცაა ქრონიკული ტკივილი, დაღლილობა და გულის დაავადება.
ძილის გაუმჯობესება
უძილობა, ან ჩაძინების სირთულე, მილიონობით ადამიანს აწუხებს. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მედიტაცია ნელი ტალღის ძილის რეჟიმს აძლიერებს ისეთ ადამიანებში, რომლებიც ინსომნიით იტანჯებიან, რაც მათთვის ნამდვილად შვების მომგვრელია. გარდა ამისა, მედიტაცია ადამიანებს გონებრივ და ფიზიკურ პროცესებზე კონცენტრირებაში გვეხმარება, რაც თავისთავად ხელს უწყობს დასვენებას და შესაბამისად, გაუმჯობესებულ ძილს.